ძვირფასო სტუდენტო,
მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია ამ სახელმძღვანელოს შესახებ. ინგლისური ფილოლოგიის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ აქტიურად ჩავერთე სასწავლო პროცესებში და ვიმუშავე სხვადასხვა სასწავლო დაწესებულებაში, რამაც ძალიან დიდი გამოცდილება შემძინა და გავხდი სერთიფიცირებული პედაგოგი. გარკვეული პერიოდის შემდეგ, გაჩნდა იდეა სასწავლო ცენტრის დაარსებისა, რაც სისრულეში მოვიყვანეთ 2016 წელს.
თავდაპირველად, ჩვენი მიზანი იყო მარტივი,სახალისო, ინტერაქტიული სწავლება, რადგან ტრადიციული მეთოდები ძალიან დამღლელია მოსწავლეებისთვის. ასზე მეტ სტუდენტს შორის გამოკითხვის ჩატარებამ და მაღალი შედეგების მიღწევამ ცხადყო ჩვენი სწავლების მეთოდების ეფექტურობა და ჩვენი მოსწავლეების მაღალი კმაყოფილების დონე.
არსებობს სხვადასხვა სასწავლო სახელმძღვანელო და ონლაინ რესურსი, რაც საშუალებას აძლევს სტუდენტებს ისწავლონ ინგლისური დამოუკიდებლად. მაგრამ პრაქტიკა ცხადყოფს, რომ სწავლის პროცესში რთულია იყო კონცენტრირებული და პროდუქტიული, მენტორისა და სათანადო სწავლების მეთოდის გარეშე. ამასთანავე, სრულყოფილად ვერ ხდება ნასწავლი მასალის გამოყენებება ყოველდღურ ცხოვრებაში, საუბრის კომპლექსისა და შეცდომის დაშვების შიშის გამო.
აღნიშნული ფაქტების გათვალისწინებით, გადავწყვიტეთ შეგვექმნა ეს სახელმძღვანელო, რომელიც შედგება 20 თავისგან და მოიცავს საინტერესო სტატიებს, თემატურ ვიდეოებს, სასაუბრო თემებს და მასთან დაკავშირებულ იდიომებს. სახელმძღვანელო გაძლევთ შესაძლებლობას გაიუმჯობესოთ საუბრის, მოსმენისა და კითხვის უნარ-ჩვევები ერთდროულად, შეძლოთ საკუთარი თავის გამოხატვა კომპლექსის გარეშე.
პატივისცემით,
ავტორი წიგნისა Express Yourself,
მაგდა ორმოცაძე
ამ უნიკალურ სახელმძღვანელოში მოცემული თითოეული გაკვეთილი წლების განმავლობაში საცდელ პროცესში იყო და ეს კურსი ასობით სტუდენტმა გაიარა. დარწმუნებული ვარ, რომ წიგნში მოცემული ინფორმაცია თქვენთვის საინტერესო და სასარგებლო იქნება. სახელმძღვანელო გახდება თქვენი მეგობარი და მოგცემთ საჭირო ცოდნას, რომ შეძლოთ თავდაჯერებულად საუბარი კომპლექსის გარეშე.
სასწავლო პროცესი მიმდინარეობს კითხვა-პასუხის რეჟიმში, რაც უმარტივებს მოსწავლეებს ინგლისურად აზრის ჩამოყალიბებას. ჩვენი მიზანია, მოსწავლემ შეძლოს დაგროვილი ცოდნის მაქსიმალურად გამოყენება პრაქტიკაში, როგორც სასწავლო პროცესში, ასევე ყოველდღიურ ცხოვრებაში; გაიმდიდრონ ლექსიკა და შეძლონ არგუმენტირებული მსჯელობა.